ნინო და ნათია
საიტზე შესვლა გაერთე ჩვენთან!!!


სრული სიახლე

ეგონა რომ იდგა

თავი 1 ალიკა

ალიკას სიკვდილმა დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. ყველა, თითქოს, ადრე დაგვაყმაწვილა,
გაგვიქრო სილაღე, აგვაამბოხა და გაგვაგიჟა, დაგვაცილა მრავალრიცხოვან ნაცნობობებს და
ამხანაგებს. აღარავინ მოვუშვით, ჩავკეტეთ წრე, შემოვიფარგლეთ. საერთო ტკივილმა,
დარდმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს და დაგვაშორა სხვებს. გვეშინოდა ახალი
დანაკარგის, ვითომდა ეს კარჩაკეტილობა გადაარჩენდა რომელიმე ჩვენგანს ბედისწერისაგან.
უცებ ავყვებოდით გრძნობებს, გაუაზრებლად და ეს გვხდიდა სასტიკებს. პატიების გრძნობა
დაგვეკარგა, ერთბაშად მორჩა ბავშვური სიცელქე, ბავშვური სიხარული, ბავშვური ჩხუბები,
ბავშვური მიამიტობა... ყვეალფერში, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა, ვეძებდით ბინძურს
არაადამიანურს. გვეჩვენებოდა, თითქოს სიკეთე, ან ბოროტება მარტო მოქმედებებით
ვლინდებოდა... ხოლო რომელიმე ჩვენგანის არასწორ საქციელს, ტყუპისცალებივით,
გასასამართლებელ საბუთს ვუპოვიდით. არც კი ვუკვირდებოდით, რომ სხვისი
გასამართლებაც შეიძლება იგივენაირად, რომ ადამიანი ხშირად უშვებს შეცდომებს, რომ
ყველა ვინც შეგვეზიზღა, ვისაც სასტიკად ულმობლად მოვექეცით, არ იყო ამის ღირს. ჩვენი
საქციელით, წუთიერი აფეთქებით, შეიძლება ბევრს მოვუსპეთ კეთილი საწყისები,
გავაბოროტეთ არა მარტო ჩვენზე, არამედ საერთოდ... საერთოდ იმიტომ რომ ბევრ მათგანს
შეიძლება აღარც ვახსოვართ, პირადი მტრობა აღარც უღვივის, მაგრამ იმ ფიზიურმა და
მორალურმა ზემოქმედებამ ხასიათი შეუცვალა, გახდა უფრო ფრთხილი, უფრო ეშმაკი,
ღვარძლიანი და ის რომანტიკული, რაც გულში ედო, დაივიწყა, ან კარგა ხნით მიჩქმალა.
სიყმაწვილისას არ გესმის, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია. სიმართლეს საუბედუროდ
სხვადასხვა სპექტრი გააჩნია. არ არსებობს ცალმხრივი, შენი სიმართლე. ხშირად ძნელია
ბოროტების და სიკეთის გარჩევა. თითქოსდა კეთილი ქმედება შეიძლება ბოროტებად იქცეს,
თუ გინდ მასში არც იყოს თავიდანვე ჩაქსოვილი რაიმე ცუდი აზრი, ანგარიში... მაგრამ ერთი
გვაქვს საერთო, ყველა, ბოლო-ბოლო პასუხს ვაგებთ. დადგება დრო და თვალნათლივ
დავინახავთ, თუ რა ყოფილა სიმართლე, სიკეთე... ის, ერთადერთი, ყველასათვის საერთო...
დავინახავთ ჩვენს მთავარ შეცდომას და ბევრი რამ, რაც ცხოვრების ორომტრიალში სწორედ
მიგვაჩნდა უცებ შეიცვლის არსს. მივხვდებით, რომ კაცობრიობამ, დაიმახინჯა სული, შეიქმნა
ათასი სპექტრი, მხარე, იპოვა ათასი გამოსავალი..
ზოგი ჩვენგანი, რაღაც მომენტში იწყებს ამაზე ფიქრს, მაგრამ ძნელია უცებ აღიქვა
ყველაფერი, ანდა, თუგინდ მიხვდე — დასძლიო ცხოვრების წესი, დაუპირისპირდე გარემო
სამყაროს, განიწმინდო, უფრო სწორედ, ეცადო განწმენდას, გასუფთავებას.
ადრე თუ გვიან ყველა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ინტელექტუალურ დონეზე, მაგრამ
მაინც აღწევს ამას, განიცდის, პასუხს აგებს. ალბათ არც აქვს მნიშვნელობა თუ რას
ვუწოდებთ, სინდისის ქენჯნას ანდა ღვთაების წინაშე მუხლმოდრეკას. უბრალოდ ყველა
ვერთიანდებით და ვხვდებით, ვისთვის უნდა მოგვესმინა, დაგვეჯერებინა, როგორ უნდა
მოქცეულიყო... მაგრამ ვაითუ მთელი ცხოვრება არ შეგიწუხებია თავი, არ აქცევდი
ყურადღებას სინდისს, ან ღვთაების ძახილს, თუ არ ეძებდი სიმართლის და სიკეთის ყველა
სპექტრს, რათა გაგეერთიანებინა, დაგენახა ეს მცნებები ისე მაინც, როგორც მათ ადამი და ევა
აღიქვამდნენ. სასტიკი იქნება საზღაური, სასტიკი....
პირველივე წუთებიდანვე, ინსტიქტურად მოვინდომეთ ვინმეზე ამოგვენთხია ჩვენი
სატკივარი, გული ცოტათი მაინც დაგვემშვიდებინა. ალბათ ის ტროლეიბუსის მძღოლი რომ
ჩაგვვარდნოდა, დავგლეჯდით, ნაკუწებად ვაქცევდით, არადა რა მისი ბრალი იყო.
შემთხვევითობა, უნებლიე დანაშაული, რას იფიქრებდა, თუ წყეული ბიგელი მოძვრებოდა
და კეფას ჩაუმსხვრევდა ჩვენს მეგობარს...
სასამართლოზე ნელ-ნელა გვიქრებოდა შურისგების სურვილი, შეგვეცოდა კიდეც.
ეტყობოდა განიცდიდა, წვალობდა, ბევრი უძილო ღამეც ჰქონდა გატარებული. მისმა
პატარებმაც დაგვიწვეს გული, მამას რომ ეძახოდნენ, მილიციის მანქანიდან გადმოსულს.
პირველად მაშინ მოვლღვით, შვილებს რომ ვერ შეხედა, თვალები ვერ გაუსწორა. უცებ
მიტრიალდა, ცოლს დაუძახა: სასწრაფოდ სახლში წაიყვანეო. თუმცა ხვდებოდა ალბათ, მათ
იქ ყოფნას შეიძლება მოსამართლეებისათვის გული მოელბო. მითუმეტეს ხუთნი იყვნენ —
სამი გოგო და ორი ბიჭი. სადად, სუფთად და კოპწიად ჩაცმულები... ერთი მათგანი სულ
ჩვილი, თავზე დახურული თავსაფრით თუ მიხვდებოდი სქესს, ვერაფერი გაეგო, რაღაცას
ბუტბუტებდა თავისთვის. მეორე — ასე 3 წლის ჩასუქებული, პუტკუნა ბიჭი, მამისაკენ
გაშმაგებით მიიწევდა... მიახლოვებას ხუთი-ექვსი წლის ძმა აკავებდა, ტუქსავდა,
ეფერებოდა... ისინი ალბათ ვერ ხვდებოდნენ, რატომ არ შეხედა მამამ, არ მოეფერა...
უფროსების თვალები არ დამავიწყდება, დაჭედებულებივით იდგნენ, ასე რვა და ათი
წლისანი იქნებოდნენ. რამდენი ტკივილის, სევდის ამოკითხვა შეიძლებოდა მათ
გამოხედვაში, და რამდენი ზიზღის...
ამის შემდეგ დაკარგა სასამართლომ პირვანდელი არსი. დაბნეული თვალებით
ვუცქეროდით პროცესს, წასვლაც გვინდოდა ზოგიერთს, მაგრამ ალიკას მამის და ძმის
მიტოვება რა შეგვეძლო. მათი ტკივილი ჩვენც გვტკიოდა და ასე, ორმაგი გრძნობებით
შეპყრობილნი დალურსმულებივით ვიჯექით. თუ რაიმე სამართლიანს იტყოდა მძღოლის
დამცველი, კვლავ იფეთქებდა შურისძიების სურვილი, გვავიწყდებოდა ბავშვების ძახილი,
გვიჯანყდებოდა სული... ხოლო, თუ ამტყუნებდნენ, გვეცოდებოდა, თვალწინ გვიდგებოდა
ის სცენა, თითქოს მესმოდა კიდეც: «მამა... მამა...»
განსასჯელის ბოლო სიტყვა არც კი მახსოვს, ან კი თქვა რამე?! მოსამართლემ კი... თურმე
15კმ/სთ-ის მაგივრად,
25კმ/სთ-ით მოდიოდა, ტროლეიბუსი არ იყო გამართულიო, მძღოლი ხაზზე არ უნდა
გამოსულიყოო. ესე იგი ხელფასზე უარი უნდა ეთქვა ხუთი შვილის მამას. ისიც დადგინდა,
რომ მთელ ქალაქში მხოლოდ ხუთი გამართული ტროლეიბუსია, ეს «ისე» პროცესის დროს,
«სხვათა შორის» გაირკვა. განაჩენის გამოტანისას არც მიაქციეს ყურადღება... ექვსი წელი
მიუსაჯეს, შემდგომში სამით შეუცვალეს, ალიკას მამამ აღარ იჩივლა და...
მეორე ვისზეც ჯავრის ამოყრა გვინდოდა, რენტგენოლოგი გახლდათ. საავადმყოფოში
მიყვანილ ალიკას, კეფაჩალეწილს, სურათი არ გადაუღო, სამუშაო საათები მორჩაო...
მაინცმოკვდება და... ისე, თუ სასწაული მოხდა, ისედაც გადარჩებაო. ბიჭები გაქცეულან და ვიღაც
ნაცნობი მოუყვანიათ, პირდაპირ სუფრიდან, ნასვამი.
მთელი კვირა ვიყავით ჩასაფრებულნი, შეგვამჩნიეს და დაგვარწმუნეს, სამსახურიდან
გავაგდეთო. მისამართი და ვინაობა რა თქმა უნდა არ გაგვიმხილეს.
მესამე, ვისზეც ჯავრი გვინდოდა გვეყარა, არც ვიცოდით პირადად ვინ იყვნენ. უბედურება
რომ დატრიალდა ხალხი უეცრად შეჯგუფდა, აყაყანდა, რჩევას იძლეოდნენ, სეირს
უყურებდნენ, მხოლოდ ბიჭები და მძღოლი დარბოდნენ დაბნეულები. მანქანას არავინ
აჩერებდა. ბოლო-ბოლო რომელიღაც «ჟიგულის» კარს ჩამოეკიდნენ. ბედად, ხალხის
სიმრავლის გამო, მანქანები სწრაფად ვერ მოძრაობდნენ.
ალბათ ამის ბრალიც იყო ჩვენი ამბოხება, უნდობლობა, სისასტიკე, ეხლაც მაწუხებს და
პასუხი ვერ გამიცია, რატომ არ ჩერდებოდნენ, ნუთუ... გვეზიზღებოდა ყველა, არავის
ვინდობდით,.. შური უნდა გვეძია, შური — ყველაზე, ყველაზე...
კარი როდესაც შევაღე და ამდენი ხალხი დავინახე, ვერც მივხვდი რაში იყო საქმე.
თითქმის ყველა ახლობელი და მეგობარი ერთად მოსულიყო. უცებ გამიელვა: «ვიღაცას
ჩხუბი აქვს და».... წინ მდგომ ლაშას ცრემლები წასკდა, ამან სულ დამაბნია. ერთხანს
გაოგნებული ვიდექით, შემოვიდნენ, იდგნენ და მოთქვამდნენ. არასდროს წარმომედგინა
მათი ტირილი, ყოველ შემთხვევაში ასე, ერთად... ლაშამ ძლივს ამოღერღა:
— ალიკა აღარ გვყავს, — გარდაიცვალა... ვერც აღვიქვი;
— როგორ, მოკვდა?!.
ვტიროდი, მაგრამ არ მჯეროდა, როგორ შეიძლებოდა... ვერც მაშინ დავიჯერე, მორგში რომ
მივედით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კარებს გააღებდა და გამოვიდოდა.
მზიანი ამინდი იდგა. გამოიტანეს თუ არა საკაცეზე დადებული ცხედარი, შედგეს თუ არა
სასწრაფო მანქანაში, საშინელმა წვიმამ დაუშვა, თქეში წამოვიდა...
ქვასავით გაუნძრევლად ვიდექი. მანქანა დაიძრა, ლაშას შევხედე. ლაშას იმიტომ რომ ასეთ
დროს ყველაზე ახლობელს ეძებ. სურათი ეკავა ხელში, მიშტერებოდა, მეც დავხედე.
ხელიხელ გადახვეული რვა წლის ალიკა და ლაშა იღიმებოდნენ ფოტოდან. ალბათ ის
დღეები ახსენდებოდა, მაშინ მათ არ ვიცნობდი... ანდა შეიძლება უაზროდაც დასცქეროდა
სიცოცხლის წამიერ ანაბეჭდს.
გააღეს თუ არა სასწრაფო მანქანის კარი, წვიმა უცებ შეწყდა, ისევ მზემ გამოანათა. ცხედარს
ერთი წვეთიც არ დასცემია...
ლეილა მასწავლებელი, ქალი, რომელიც ძალიან გვიყვარდა, რომლისაც გვეშინოდა და
დიდი ხათრიც გვქონდა, ჩემთვის და ჩემი კლასელებისათვის ერთად-ერთ მასწავლებლად
დარჩა, ვისგანაც ხელი მოგვხვედრია, სხვებს ან გავექცეოდით, ანდა უბრალოდ, მითუმეტეს
როდესაც წამოვიზარდეთ, არ გავაბედინებდით, შებრუნების შიშით. ლეილა
მასწავლებელთან კი ცხვრებივით, დაგვიძახებდა თუ არა, ჩვენი ფეხით ვეახლებოდით
«ეგზეკუციაზე». დღის ბოლოს ყველას ზომაზე მეტად გაზრდილი და აწითლებული ყურები
გვამშვენებდა, მიუხედავად ამისა, მეხუთე კლასში ვიყავით.
თქვენგან უნდა წავიდეო, — რომ გვითხრა საშინელი ღრიალი მოვრთეთ. არასდროს
დამავიწყდება, ერთხელ ცუდად გავხდი, სიყვითლე მქონია, სუნთქვა შემეკრა. ლეილა
მასწავლებელმა არავის დაუთმო ჩემი თავი. მეხუთე სართულიდან პირველზე ჩამიტანა
ხელში ატაცებული. დამამშვიდა კიდეც ამან. ვიგძრენი, რომ მარტო არ ვიყავი, მიშველიდნენ.
ეხლაც მიკვირს როგორ შესძლო, სიარული თვითონაც უჭირდა, ხშირად ავადმყოფობდა,
ფეხები დასიებული ჰქონდა. მაშინაც მაღალი და ჩასუქებული ვიყავი. ასე სამოც კილოს
ვიწონიდი ალბათ.
პირველად «ეგზეკუციის» წინააღმდეგ ალიკამ გაილაშქრა, მეშვიდე კლასში, შეეპასუხა:
ამის შემდეგ ხელი არავისთვის დაუკარებია. მივხვდი, გაიზარდნენ ბიჭებიო, — უთქვამს.
მედა ლაშა სხვა სკოლაში ვიყავით გადასული ეს რომ გავიგეთ, გაოცებისაგან თვალები
გადმოვკარკლეთ.
სულ მალე, ავამყოფობამ შეაწუხა და პენსიაზე გავიდა, ძალიან დასწყვიტა ყველას გული.
იმ დღეებში არც მშობლების, არც დირექტორის და სხვა მასწავლებლების გამოჩენაზე
სიგარეტს არ ვმალავდით. დავინახავდით თუ არა ალიკას სახლთან ლეილა მასწავლებელს,
ინსტიქტურად მოვისროდით და ავიწურებოდით. ხშირად მიფიქრია, როგორ ახერხებდა
ჩვენს დაშინებასაც და თავის შეყვარებასაც. ალბათ დიდი ადამიანური სითბოა საჭირო,
ორივე რომ ერთად მიაღწიოს პედაგოგმა.
როდესაც შევატყობინეთ, თითქოს გაქვავდა, არ უტირია, მისმა სახემ უსიცოცხლო
გამომეტყველება მიიღო. ძლივს წამოგვყვა...
...საშინლად გვეწვოდა გული. დაგვინახავდა თუ არა ალიკას დედა ტირილს მორთავდა,
უძახოდა, აღვიძებდა, ბიჭები მოვიდნენ, ადექიო. ალიკა კი გაუნძრევლად იწვა... ვეძებდი,
მთელი ჩემი არსებით ვეძებდი მასში სიცოცხლეს... სახე გაშავებოდა. მაინც არ მჯეროდა,
არავის არ სჯეროდა, ალიკას არ ყოფნა, არავის... გულის სიღრმეში თითქოს გვეგონა,
დედამისს დაუჯერებს და წამოდგებაო...
ყოველ ღამეს ვუთენებდით. არც მახსოვს, გვეძინა თუ არა იმ დღეებში. პირველი ორი ღამე
ეზოში გავატარეთ. შეგვამჩნიეს და სახლში აგვიყვანეს. დასაფლავების წინა დღეს ვიღაცამ
თქვა, ეხლა შეიძლება ამოიოხროს და წამოიწიოს, ბოლო სულის ამოღება იცისო
მიცვალებულმა.
ყურები ვცქვიტეთ: ესე იგი, ცოცხალია?! უცებ მივხვდით ამ კითხვის უაზრობას. მაინც
დავუწყეთ ლოდინი. ლაშას ვერსიით, უბრალოდ, სხეულში მყოფი დაგროვილი ჰაერი
ამოდისო მეშვიდე დღეს. ცხედარს მივაშტერდით. შიში შემეპარა, ბიჭებს გადავხედე, ყველა
კანკალებდა, დაძაბული ვუცდიდით, უცბად ვიღაცას სიცილი წასკდა, ისტერიული ხარხარი
აგვივარდა. ვეღარ ვწყნარდებოდით, უნებლიეთ ვიცინოდით... მაშინ, ზაზამ ალიკას სუდარა
გადახადა და ვაკოცოთო, — თქვა. ეს დაგვაწყნარებსო. ყველანი გავიყინეთ, გავშეშდით.
პირველმა ლაშამ გაბედა, შემდეგ ზაზამ, მე... ტუჩები გამეყინა. მთელი თვე ვგრძნობდი ამ
სიცივეს... ტირილი მოვრთეთ... ბოლო ღამეს ვუთევდით ალიკას... კუბო ხელით მივიტანეთ
სახლიდან სასაფლაომდე. მზიანი ამინდი იდგა. ერთი ღრუბელიც არ სჩანდა. გაზაფხულს,
დროის ამ ულამაზეს ხანას ეთხოვებოდა ჩვენი მეგობარი. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა.
ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ჟრიამულობდნენ, ჰაერში სიცოცხლის სუნი ტრიალებდა... ალიკა კი
მიდიოდა, სამუდამოდ გვტოვებდა.
საკვირველია, მაგრამ რამდენიმე ტროლეიბუსმაც ჩაგვიარა, გაგვისწორდებოდა თუ არა,
ბიგელი სწყდებოდა. შევამჩნევდი შორიდან და ჩემს თავს ვეკითხებოდი; «ამასაც»... ყველას,
ყველას მოსძვრა, დაუჯერებელია...
მივედით თუ არა სასაფლაოს შესასვლელთან, ქარი ამოვარდა. თანდათან ძლიერდებოდა.
სახეში გვეხეთქებოდა, გვეწინააღმდეგებოდა — თითქოს არ უნდოდა გაშვება...
აღუწერელია გამოთხოვება. დედის მოთქმა, მამის და ძმის ღრიალი, ცრემლები,
ცრემლები...
საფლავზე თხუთმეტსაფეხურიანი, პატარა სიბოლური კიბე ჩავრგეთ, მეთხუთმეტე შუაში
ჩავტეხეთ... დავასაფლავეთ თუ არა ქარმა დალეწა ყველაფერი, მტვერი გადმოგვაყარა,
გაგვაჭუჭყიანა, დაგვსვარა, პირი ამოგვივსო და... უცებ ჩადგა. კოკისპირული წვიმა წამოვიდა
სანაცვლოდ.
ქელეხზე თითო-თითო ჭიქა ავწიეთ და წასვლა მოვინდომეთ. მამამისი დაგვთანხმდა,
ოღონდ გვთხოვა, თუ სადმე სუფრაზე შეიკრიბებით, დღეის შემდეგ მესამე ჭიქით ალიკა
ცოცხლად ადღეგრძელეთო. ყოველთვის ვასრულებთ ამ დანაპირებს. ერთი კია, ვერაფრით
ამიხსნია, რატომ თქვა მაინცდამაინც მესამე...
კვლავ კოკისპირულად წვიმდა. მოვრბოდით და ვიცინოდით ისტერიულად, მაგრამ არა
ისე, როგორც პირველად, მაშინ დაძაბულობამ გამოიწვია, ეხლა კი, თითქოს განვიმუხტეთ,
შეუჩვეველი ვიყავით წუხილს...
ბადრისთან სუფრა გაშლილი დაგვხვდა. ეს არ იყო ქელეხი. ჩვენთან ერთად ალიკაც იჯდა.
თეფშიც ჰქონდა, ჭიქაც... ამ სიმბოლურობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ცოტ-
ცოტას ვსვამდით და ვსაუბრობდით სიცოცხლეზე, სიკვდილზე, სიყვარულზე, ზიზღზე,
სიკეთეზე და ბოროტებაზე. ტროლეიბუსის მძღოლზე, რენტგენოლოგზე, სეირის
მაყურებლებზე, მძღოლებზე და კვლავ სიყვარულზე, ერთმანეთზე, მეგობრობაზე...
ალიკაზე... რამდენი სადღეგრძელო ითქვა იმ დღეს. ყველაზე მეტად ბადრის ნათქვამი
დამამახსოვრდა. სიტყვა-სიტყვით მახსოვს, ხშირად დამსიზმრებია კიდეც ეს საშინელება...
«მოდით იმას გაუმარჯოს, ვინც ჩვენს შორის ბოლო წავა ამ ქვეყნიდან, ან ვინც ბოლო
მოინახულებს ჩვენს საფლავებს, გაგვიხსენებს და შესანდობარს გვეტყვის...»
...საშინელი სიზმარია, მიდიხარ მარტო, ჯოხით ხელში, უფრო სწორად მიბობღავ,
მიჩანჩალებ, გარშემო არავინაა, ყველამ მიგატოვა ფიქრობ მარტოდ-მარტო წარსულზე,
ცხოვრობ წარსულით. ყველაფერ დანარჩენს მნიშვნელობა აქვს დაკარგული, არ არსებობს.
მხოლოდ საფლავები, საფლავები... იცი, რომ აქ არის შენი ადგილი... აქ და არა... მაგრამ მაინც
წამოაჩანჩალებ ბებერ სხეულს უკან. იმათთან, ვისაც შენს სკლეროზზე ეცინება, შაყირობს. არ
გწყინს, იმიტომ რომ შენც ასე იქცეოდი... იმიტომ რომ შენი ადგილი აქაა, მკვდარი ხარ, ისენი
კი ცოცხალნი, ლაღნი... შენ ვერ აღიქვამ დღევანდელობას, ისენი კი... შენ გახსოვს ყველაფერი,
რაც ხდებოდა ათი, ოცი, ოცდაათი, ორმოცი, ორმოცდაათი წლის წინათ, მაგრამ ვერ იტყვი
ერთი წუთის წინ რა ჭამე. ანდა, დგახარ, ბრძოლის ველზე ახალგაზრდა, ჯანსაღი ირგვლივ
კი შენი მეგობრების უსიცოცხლო სხეულები წვანან. გინდა მიხვიდე, თვალი გაახელინო,
სიცოცხლე ჩაუნერგო, აჩუქო, მაგრამ არაფერი გამოდის. არ იცი რა მოიმოქმედო უკუნეთ
წყვდიადში, ვის შესჩივლო, სთხოვო დახმარება ყელში თითქოს ბურთი გაქვს გაჩრილი.
გინდა იტირო, მაგრამ... შენც მკვდარი ხარ, იმქვეყნიერი, მათთან ერთად წევხარ, მხოლოდ იმ
განსხვავებით, ყორნები ვერ გეკარებიან და ვერ გჩიჩქნიან... საშინელია ეს სიზმრები...
საშინელი, საშინელი!!!
ვიფიცებოდით: კვირაში ერთხელ მაინც მოვინახულებთ ალიკას საფლავსო. თავიდან ასეც
იყო, პირველი ორი წელი, ხშირად ვსუტმრობდით... რამდენჯერ შუაღამისას ავსულვართ,
რამდენჯერ ქანდაკებები წამომდგარ მიცვალებულად მოგვჩვენებია, რამდენჯერ ძაღლების
ხროვა მოგვიცილებია ჯოხით, შეგვშინებია, მაგრამ მაინც წინ მივიწევდით. გვჯეროდა ალიკა
დაგვიცავდა, არ დააჩაგვრინებდა ჩვენს თავს და... აქაურობა, უკვე ხომ მისი «უბანი» იყო.
თანდათან მოვუკელით სიარულს. ადრე ყველა ერთად ავდიოდით. ეხლა კი მარტო
მოვინახულებთ მეგობარს, თანაც, როდესაც გვიჭირს. ადრე თუ სანახავად და
გასახსენებლად, ეხლა ჩვენი ჭირის გასაზიარებლად, რჩევის მისაღებად, გულის
გასახსნელად. ერთხელ დილით, გადავწყვიტე სასაფლაოზე ასვლა. მთელი დღე გამოცდის
ჩასაბარებლად ვიყავი ინსტიტუტში. საღამოსთვის ძალიან დავიღალე. აღარც გამხსენებია
ჩანაფიქრი. მესიზმრა თითქოს ალიკამ მისაყვედურა, რატომ არ მოხვედი, გელოდებოდიო.
გამეღვიძა, დილის ექვსი საათი იქნებოდა, სწრაფად ჩავიცვი და გავიქეცი. საფლავთან ლაშა
დამხვდა ჩამომჯდარი... ჩემსავით მოსვლია... ვიჯექით ორი მეგობარი, სურათს
ვუყურებდით, ვფიქრობდით სულ სხვადასხვა რამეზე. მე ჩემსას ვუზიარებდი, ის თავისას.
დასაფლავების შემდეგ ავად გავხდი, გავცივდი. სასწავლო წლის დამთავრებას ორი დღეღა
აკლდა. სკოლაში რომ მივედი, დირექტორმა თვითონ გამანთავისუფლა და ცნობა რომ
მოვუტანე, რად გინდაო — მითხრა, — მჯერაო, თანაც, თავაზიანად გამიღიმა. მარტონი
ვიდექით.
ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს კაცი ხალხში ესე შეიცვლებოდა.
ი, ვიყავით მხოლოდ მე და ალიკა. შეგვაგინეს,
გაგვლანძღეს, პასუხი უნდა გამეცა, შური მეძია... ბიჭებმა წრეში მოგვაქციეს, არც იმას
უშვებდნენ, არც მე მათავისუფლებდნენ. მთელი კლასი შეგროვდა, რა ვქნათო ჭოჭმანობდნენ.
ბოლო-ბოლო გადაწყვიტეს, თუ არ დაწყნარდა ჩვენც დავარტყათო, ოცდახუთივეს ხომ ვერ
დაგვიჭერენო. დირექტორი აკანკალდა, არ ელოდა. ყველაფერი ხომ მასზე იყო
დამოკიდებული. მედალი, კარგი ატესტატი, დახასიათება... ამან ცოტა დამამშვიდა.
კლასელებისაგანაც მოველოდი ასეთ თანადგომას. მიხვდნენ საშიშროებამ რომ ჩაიარა, ხელი
მიშვეს. ზიზღით შევხედე, შევაფურთხე სახეში, მოსასხამი გამოვგლიჯე და ეზოში გავედი.
სასწავლო წლის დასაწყისში მოინდომა ანგარიშის გასწორება. ლაშას რაღაც შარი მოსდო.
ამან უფრო გამაცოფა, მითუმეტეს, როდესაც მასწავლებლებში და განათლების სამინისტროში
ჭორი გავრცელდა ჩემზე და მამაჩემზე. თითქოს ვეუბნებოდი: ლაშას შიშით, მისი გავლენით
ვიქცევი ცუდად. მამაჩემმა კი ვითომდა უთხრა, — რა ვქნა ვერა და ვერ მოვაცილე ჩემი
შვილი ამ ხულიგანსო...
სასტიკად ვინანე. არა მარტო უმიზეზოდ, ვცდილობდი ავადმყოფობის გამოც არ
გამეცდინა. სულ კუდში დავსდევდი, დავცინოდი, ვაშინებდი, სადმე დაგვხვდები და სულს
გაგანთხევინებ მეთქი. სულ იმის ხვეწნაში იყო: აღარ იარო და ხუთიანის ატესტატს გაგატანო,
— ვერაფრით ვერ დამითანხმა. «ჩემითაც შევძლებ ოთხნახევრიანის გატანას, თუ შემიშლი
იცოდე»... ვჩერდებოდი, წარბს ავწევდი და მრავალმნიშვნალოვნად ვუღიმოდი. ფერი
ეკარგებოდა, სულ იმას გაიძახოდა: ოღონდ თქვენ მომშორდით და მერე მოვუვლიო სკოლას.
შემდგომში ერთი ჩემი ახლობლის ქორწილში შემხვდა. მოშორებით ვიჯექით. ხუთ წუთში
გაიპარა, რაღაც მოუმიზეზებია. გამეცინა, თავისი საზომით რომ გამზომა. ისიც ვერ
მოიფიქრა, ნეფე-დედოფლის ხათრით არაფერს რომ ვეტყოდი... ისე კი, ეხლაც მიდევს
გულში ბოღმა, ვერაფერი მოვუხერხე თავს, ვერ ამოვიშალე ზიზღი... ალბათ სწორედ მოიქცა,
დროზე გაიპარა...
ქორწილში სხვა ძველი ნაცნობებიც შემხვდნენ. არ ვიცი ვერ მიცნეს თუ არ...
იმ დღეს სკოლიდან რომ გამოვედი, ბიჭებიც გამომყვნენ. გვერდითა სახლის ეზოში
როგორც ყოველთვის საქანელებზე ჩამოვჯექით. ნელ-ნელა კლასელები დაიშალნენ.
მხოლოდ ჩემი რამდენიმე მეგობარი დარჩა. თანდათან ან თითქმის ყველა მოვიდა ჩვენი
ბიჭებიდან. დათო სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა, თავის უბნელებით გვეწვია. ჩხუბი
მაქვსო, — გვითხრა. უცებ დავცქვიტე ყურები, გამიხარდა... პირველად ჩემს ცხოვრებაში.
დირექტორი და მისი სიტყვები გამახსენდა. ავენთე, ვერ ვისვენებდი, მინდოდა მალე
მოსულიყვნენ, თუნდაც «ჯარი», დარწმუნებული ვიყავი, ვცემდით. თითქოს დირექტორი და
მოსასვლელები გაერთიანდნენ. მან თუ მიცვალებულს აწყენინა, ამათ ცოცხალს, ჩემს
მეგობარს, ძმას. ხუთნი «გვცემენ» ჩვენ, ოცდახუთნი დავხვდით, ბევრი არ გვილაპარაკია,
დავერიეთ. უმოწყალოდ ვურტყით ხელით, ფეხით, ჯოხებით, ქვებით, ერთ-ერთი ძლივს
წამოდგა მუხლებზე, ისევე მივცვივდით, აღარ მცემოთო — გვთხოვდა, ტიროდა,
კანკალებდა, სახე დასისხლიანებული, დასახიჩრებული ჰქონდა, სულ ჩალეწილი,
დახეთქილი. როგორ გვეხვეწა, გვემუდარა.
...თითქმის ერთდროულად მოხვდა რამდენიმე წიხლი, ჩემი პირდაპირ სახეში, უგონოდ
დაეცა.
ხუთივე ასე გრძნობადაკარგული მივაგდეთ. არც შეგვცოდებია, არც გვიფიქრია
საავადმყოფოში წაყვანა. სულ არ გვაინტერესებდა, გადარჩებოდნენ თუ არა.
ქორწილში ის ბიჭებიც შეგვხდნენ. სახეზე ყველას შრამები აჩნდათ. იმას — აღარ მცემოთო,
რომ იხვეწებოდა, თავზე უკანა მხარეს ერთ ადგილას თმები არ ჰქონდა. იშვიათად მინახია
ესეთ ადგილას შრამი. ალბათ ჩვენი ნახელავი იყო, ჩვენი «დამსახურება».
ხშირად მიფიქრია ამ ამბავზე, გული ჩამწვია, შემზიზღებია თავი, მაგრამ ვერაფერს
დააბრუნებ. არ ვიცი, როგორ გაგვივიდა დროდადრო ეს სისასტიკე. ეხლა რომ ვუკვირდები,
თითქოს სკოლის დამთავრებამ გვიშველა, ახალმა ასპარეზმა, თუ ახალმა პრობლემებმა, ანდა
შეიძლება.
teke ავტორი teke 04სექ17:23
  • მომწონს
  • +1
  • არ მომწონს
«წინა სიახლე ბოლო წერილ...
ვუსმენ ვიღ... შემდეგი სიახლე»

.
<--უკან დაბრუნება

მოგეწონა?
ანახე მეგობრებს


თქვენი კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მოდული ონლაინი
*